სოლომონ I



   
სოლომონ I
იმერეთის მეფე 
სოლომონ I (დ. 1735 გ.23 აპრილი, 1784. ქუთაისი) – იმერეთის მეფე, 1752–1784, ალექსანდრე V–ისა და თამარ აბაშიძის ძე.

                                                         წინაპირობა

სოლომონ I-ის იმერეთის ტახტზე ასვლას წინ უძღვოდა თითქმის საუკუნოვანი არეულობა იმერეთის სამეფოში. იმერეთის ციხეებში ჩამდგარი ოსმალური გარნიზონები, ოსმალური ხარკი, მეფისა და მთავრობის ურთიერთდაპირისპირება, ტყვეებით ვაჭრობა, ტახტისმაძიებელთა ინტრიგები, დასუსტებული ეკლესია ქვეყანას ანარქიაში ძირავდა. სოლომონის გამეფებას ეწინააღმდეგებოდნენ რაჭის ერისთავი, გურიელი, აბაშიძეების ძლიერი საგვარეულო. ტახტისათვის მებრძოლ პრეტენდენტთა ცხარე ბრძოლაში                                                                            სოლომონმა გაიმარჯვა.





                                                                     ბიოგრაფია

სოლომონი ტახტზე ასვლისას 15 წლის იყო. 1752 წელს შეთქმულთა ძლიერმა ჯგუფმა, რომელთა შორისაც იყვნენ დედამისი თამარი, ბაბუა ბესარიონი და მეფის ბიძები – მამუკა და გიორგი, შეძლო მისი დამარცხება. მაგრამ სოლომონმა ახალციხის ფაშას დახმარებით ტახტი დაიბრუნა, დედა სამეფოდან გააძევა, აბაშიძეთა მამული კი თავის საკუთრებად გამოაცხადა. სოლომონმა მემკვიდრეობით სათავადოებად დაყოფილი სამეფო მიიღო. მან მიზნად დაისახა დასავლეთ საქართველოს გაერთიანება, ტყვეებით ვაჭრობის აღკვეთა და ოსმალებისაგან ქვეყნის გათავისუფლება. მეფემ ჯერ დადიანი შემოირიგა, ცოლად შეირთო ოდიშის მთავრის, კაცია დადიანის და მარიამი და ამით ძლიერი მოკავშირე გაიჩინა. ამის შემდეგ მამია გურიელი იძულებული გახდა მეფის ერთგული გამხდარიყო. სოლომონმა ეკლესიას დაუბრუნა ფეოდალთაგან მიტაცებული ყმა–მამულები. მან საეკლესიო გლეხები გადასახადებისაგან გაათავისუფლა, რითაც ეკლესიის ნდობა დაიმსახურა. მეფემ გადაწყვიტა ხელთ ეგდო ციხეები. მანვე შექმნა მეფის ხელისუფლების განმამტკიცებელი ინსტიტუტი, ე.წ „ფიცის კაცნი“. ისინი ყოველი წლის 15 მაისს განსაზღვრულ ადგილას იკრიბებოდნენ და ფიცს დებდნენ მეფის ერთგულებაზე. ისინი პოლიტიკური პრივილეგიებითაც სარგებლობდნენ.

  ოსმალეთთან კონფლიქტის დასაწყისი და მისი მიზეზები, ხრესილის ბრძოლა.


თავდაპირველად სოლომონი ოსმალთა წინააღმდეგ გამოსვლას ერიდებოდა, მაგრამ როდესაც ქვეყანა შედარებით დაწყნარდა, მან ბრძოლა გამოუცხადა ტყვეებით ვაჭრობას. ოსმალებმა ეს სერიოზულ გამოწვევად მიიღეს. ისინი დიდად უწყობდნენ ხელს ტყვეებით ვაჭრობას. შექმნილი იყო მთელი ქსელი ტყვეებით მოვაჭრეებისა, რომელშიც ერთნაირად მონაწილეობდნენ იმერელი და თურქი მეციხოვნეები. იმერეთის ვაჭრობის დიდი წილი სწორედ აქედან მოდიოდა. ამიტომ იყო რომ ტყვეებით ვაჭრობით აკრძალვას ოსმალებთან ერთად იმერლებიც შეეწინააღმდეგებოდნენ. სოლომონმა შესანიშნავად იცოდა, რომ შინაურ წინააღმდეგობას ვერ დაძლევდა ოსმალების განდევნის გარეშე. ამიტომ იგი შეუდგა საომარ მზადებას. 1757 წლის დეკემბრის დასაწყისში სოლომონმა საომრად ხრესილის მინდორი შეარჩია, სადაც ოსმალთა მთავარი ძალები იყვნენ თავმოყრილნი. ბრძოლის დაწყებამდე მეფემ ჩაკეტა ფოთიდან, გურიიდან და ახალციხიდან მომავალი გზები, საიდანაც თურქების ჯარების შემოსვლა იყო მოსალოდნელი. მეფეს შემოუერთდნენ დადიან–გურიელის ჯარები. 1757 წლის 14 დეკემბერს, გამთენიისას, მეფის ლაშქარი ხრესილის მინდორზე თავს დაესხა ახალციხისა და აჭარის მრავალრიცხოვან ჯარს. ხრესილის ბრძოლაში მეფემ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. დავით ბატონიშვილის გადმოცემით სოლომონი „ესრედ მხნე იყო, ვითარცა ლომი“. ამავე ბრძოლაში მოკლეს მოღალატე ლევან აბაშიძე, რომელიც თურქთა მხარეზე იბრძოდა.

     სოლომონმა იცოდა, რომ ოსმალეთი ამ ქმედებას უპასუხოდ არ დატოვებდა. 1758 წელს სოლომონ I-მა ერეკლე II-სა და თეიმურაზ II-თან გორში მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება დადო, რითაც იგი უფრო მეტად გაძლიერდა. ამავე წელს სოლომონი ქართლ–კახეთის მეფეებს ეხმარება ატოცთან გამართულ ბრძოლაში თურქთა წინააღმდეგ. ეს ხელშეკრულება 1770 წლამდე არ დარღვეულა, მისი აღდგენა მოხდა 1773 წელს. ხრესილის ბრძოლა არ აპატიეს სოლომონს ოსმალებმა. 1758 წელს , ახალციხის ფაშამ 2–ჯერ შემოუსია ლეკები იმერეთს. პირველად სოლომონი დამარცხდა, ლეკებმა გაძარცვეს გელათი, დაარბიეს სოფლები და დიდი ნადავლით დაბრუნდნენ უკან, მეორე კი სოლომონმა სძლია მტერს. ერთი უცხოური ცნობა სოლომონს შემდეგნაირად აღწერს : სოლომონი პირადად ჩასულა ახალციხის ფაშასთან და შეუჩივლია თურქ მეციხოვნეთაგან იმერეთის რბევის ამბავი. სოლომონს ფაშასთან ერთგულება აღუთქვამს იმ შემთხვევაში, თუ ფაშა შეაჩერებდა თურქ მეციხოვნეებს. ფაშამ დაიჯერა სოლომონის ნათქვამი და მას მეციხოვნეთა დასასჯელად 3000 კაციანი ჯარი გაატანა. სოლომონმა ეს ამბავი ფარულად აცნობა თავის სარდლებს, მათ გზებზე ჩასაფრებები მოაწყვეს და სულ ერთნაირად გაჟლიტეს თურქები.

                                                               რეფორმები

1759 წელს სოლომონმა საეკლესიო და საერო კრება მოიწვია. ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კრება საერთო საკითხებზე. კრებაზე იმერეთის, ოდიშის და გურიის სასულიერო და საერო ხელისუფლებმა იმერეთის მეფის მორჩილებისა და ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვის პირობა დადეს. დაკანონდა ეკლესიის მიერ იმ ადამიანების შეჩვენება, ვინც ამ საქმეს განაგრძობდა. დადგინდა კანონმდებლობით ტყვეებით მოვაჭრითათვის სიკვდილით დასჯა. კრებამ აღადგინა გაუქმებული ქუთაისი ეპარქია, ეკლესიის მამულები მთლიანად განთავისუფლდა გადასახადებისაგან, უკანონოდ მიტაცებული ყმა–მამულები სახელმწიფოს დაუბრუნდა, დადგინდა ეკლესიის საქმეებში სახელმწიეფოს ჩაურევლობა, უღირსთა გადაყენება და ღირსეულთა დანიშვნა და სხვ.
სოლომონმა თავდაცვითი ნაგებობები მეფის იურიდიქციაში მოაქცია, ზოგი ციხე შეიძინა თავადებისაგან,ზოგი ჩამოართვა,ზოგმა კი ეს ნებაყოფლობით გააკეთა.ამავე დროს იგი ზრვეუნავდა ყმა გლეხების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.1760 ახალციხის ფაშამ სოლომონს მოსთხოვა ტყვეებით ვაჭრობის დაშვება.სოლომონმა უარი შეუთვალა რის გამოც იმერეთი ოსმალთა 20ათას კაციანმა რაზმმა დაიკავა.მათ ქართვლები დაამარცხეს.1765 წელს ოსმალთა ჯარი გურიასა და ოდისში ჩადგა ხოლო 1766 წელს იმერეთში შევიდა.მათ დაიკავეს ქვემო იმერეტი და მეფედ თწიმურაზ მამუკას ძე დასვეს.სოლომონმა თავისი მომხრეები შეკრიბა და სულ მალე მთელი იმერეთი დაიკავა.მოღალატე თეიმურაზმა თურქეთს შეაფარა თავი.ოსმალების კიდევ ერთი გალაშქვრა იმერელთა წინააღმდეგ დიდ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული ამიტომ ოსმალეთი ადვილად დათანხმდა ზავზე.ზავი დაიდო 1767 წ.რომლის თანახმადაც იმერეთის სამეფო ცხადდებოდა ოსმალთა მფარველობაში მყოფ ქვეყნად,იმერეთი უგზავნიდა ხარკის სახით 60 ქალს.თეიმურაზი კვლავ არ თმობს თავის პორიციებს იგი განაგრძობს ბრძოლას,თუმცა იგი მარცხდება სოლომონთან ბრძოლაში და იმ ციხეში სადაც გამოკეტეს იქვე გარდაიცვლება.ტახტის დაბრუნების შემდეგ საჭირო იყო დლიერი მოკავშირის ძებნა.სოლომონმა ამ მიზნით 1768 წელს რუსეთში გაგზავნი ელჩი მაქსიმე ქუთათწლი.მეფე რუსეთისგან ითხოვდა მფარველობას.ამავე დროს მეფე სპარსეთშიც აგზავნის ელჩობას ბესარიონ გაბაშვილის მეთაურობით და დახმარების თხოვნით.ოსმალეთთან დაწყებული ომის პორობებში რუსეთმა იმერეთში დიდი ძალა დაინახა.ნაბრძანები იყო რომ გაებრუნებინათ არქიმანდრიტი რომელიც სოლომონს აუწყებდა ამ ამბავს. ამასთანავე გაეტანებინათ მისთვის საიდუმლო მრჩევლის, გრაფ პანინის წერილი, რომელშიც ის გამოხატავდა რუსეთის მთავრობის სურვილს, რომ სოლომონს ახლავე დაეწყო თურქეთის წინააღმდეგ მოქმედება. სასურველი იყო ასევე რომ სოლომონი ჩასულიყო ერეკლესთან თბილისში და ეცადა მისი დაყოლიება. ასეთი იყო რუსეთის გეგმა იმ მომენტისათვის. რუსეთ–ოსმალეთის 1768–74 წლების ომის დროს ერეკლე და სოლომონი მზად იყვნენ ოსმალეთის წინააღმდეგ ომი დაეწყოთ, მაგრამ ამისთვის რუსეთის დახმარებას ითხოვდნენ. რუსულ გეგმაზე თანხმობის ნიშნად სოლომონი 1769 წელს თბილისს ეწვია, სადაც ერეკლეს ეთათბირა. მათ შეიმუშავეს მოთხოვნები და რუსეთში ელჩების გაგზავნა გადაწყვიტეს.
რუსეთის სამხედრო ქმედებები დასავლეთ საქართველოში

ელჩობის შედეგად, ეკატერინე II–მ იმერეთში ოთხასკაციანი სამხედრო შენაერთი გამოაგზავნა1769 წლის სექტემბერში ტოტლებენი იმერეთში შევიდა. ოქტომბრის თვეში ქართველები და რუსები შორაპნის ციხეს გარს შემოეტყნენ. ამ დროს სოლომონს ცნობა მოუვიდა, რომ თურქები, დადიანთან ერთად, იმერეთში შემოიჭრნენ. სოლომონი იძულებული გახდა წასულიყო, შორაპანთან კი ტოტლებენი დატოვა. ტოტლებენმაც თვითნებურად მოხსსნა ალყა და ქართლში გადავიდა.

1770 წელს საქართველოში მყოფ რუსეთის ჯარს ახალი ნაწილები დაემატა. სულ საქართველოში 4 ათასამდე რუსმა ჯარისკაცმა მოიყარა თავი. როდესაც ერეკლე დარწმუნდა, რომ ეკატერინე მართლაც აგზავნიდა ჯარს, ომში ჩაება. ასპინძის ცნობილი ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ტოტლებენს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია, რუსთა ჯარი იმერეთში გადავიდა. ამჯერად, ტოტლებენი დაეხმარა იმერეთის მეფეს.ცნობილია, რომ ქუთაისის თურქი მეციხოვნეები ტოტლებენმა მშვიდობიანად გააპარა. ტოტლებენის თვითნებურმა გადაწყვეტილებებმა სოლომონთანაც ურთიერთობა დაძაბა.

1770 წ. ტოტლებენმა, სოლომონის აზრის გაუთვალისწინებლად, ფოთის ციხის ალყა დაიწყო, რომელიც ვერ აიღო ამას, ოსმალების მხრივ, ფოთის მიმართულებით ახალი ნაწილების გადმოსროლა მოჰყვა. სოლომონ მეფემ სწრაფი სამხედრო მანევრით გზა გადაუკეტა გურიიდან ფოთისაკენ მომავალ ჯარებს. 1771 წლის 3 იანვარს რუსებმა ფოთი აიღეს. იმავე წელს ტოტლებენი სუხოტინმა შეცვალა.

რუსთა ჯარის გასვლის შემდგომ, ჩხერის ბრძოლა

ახალციხის ფაშა აგრძელებდა საქართველოში მარბიელი რაზმების შემოგზავნას. ოსმალთა წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების მიზნით, 1773 წელს სოლომონმა და ერეკლემ თავიანთი კავშირი ხელშეკრულებით გააფორმეს და ხელშეკრულების ასლი რუსეთის მთავრობას გაუგზავნეს. იმავე წელს, ერეკლესა და სოლომონის ჯარები გორში შეიყარნენ და ჯავახეთში ერთად გაილაშქრეს. ქართველთა შეერთებეულმა ჯარმა არტაანამდის მიაღწია, მაგრამ სოლომონი მოულოდნელად ავად გახდა და ჯარი უკან გამობრუნდა.

1774 წელს, რუსთა ჯარის წასვლის შემდეგ, ფაშამ იმერეთში 4 ათასი კაცისაგან შემდგარი ჯარი გამოაგზავნა და თან დადიანი და აფხაზეთის მთავრიც წააქეზა სოლომონის წინააღმდეგ. სოლომონის თხოვნით, ერეკლე II-მ დადიანს ღალატზე ხელი ააღებინა და მანაც უარი თქვა თურქების წინადადებაზე. ამ დროს, ერეკლე თავად ემზადებოდა იმერეთში გადასასვლელად, როცა თურქთა ჯარმა სასწრაფოდ უკან დახევა დაიწყო. 6 თებერვალს გაიმართა გადამწყვეტი ჩხერის ბრძოლა. იმერთა ჯარი მტერს ჩხერის ვიწროებში ჩაუსაფრდა და უკანდასახევი გზა მოუჭრა. სოლომონის რაზმებმა კი ოსმალთა ზურგს დაარტყეს. ოსმალებმა ბრძოლის ველზე 1000 მეომარი დაკარგეს, 600 კაცი ტყვედ ჩავარდა, იმერთა მდევარმა რაზმმა ჩხერიდან ვახანამდე დაახლოებით 1400 მებრძოლი მოკლა.

ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შედეგები იმერეთისთვის

1774 წლის ნოემბერში სოლომონ I-მა რუსეთში ელჩად კვლავ დავით კვინიხიძე მიავლინა, რომელსაც თან ოფიციალური თხოვნა მიჰქონდა იმპერატორ ეკატერინე II-სთან იმერეთის მფარველობაში აყვანის შესახებ. მაგრამ ამ დროისათვის ქუჩუკ-კაინარჯის ზავი (1774 წლის 10–21 ივლისი) უკვე დადებული იყო, რომლის შედეგების შესახებ სოლომონმა ეკატერინეს მიერ გამოგზავნილი სიგელით შეიტყო. ამ ზავის 23-ე მუხლის თანახმად, რუსეთი ცნობდა დასავლეთ საქართველოზე ოსმალეთის უფლებას გარკვეული პირობებით – რუსეთი ოსმალეთს უბრუნებდა რუსული იარაღით აღებულ ციხეებს: ბაღდათს, შორაპანს და ქუთაისს, მაგრამ დანარჩენი ციხეები იმერეთის მეფეს რჩებოდა. ოსმალეთი უარს ამბობდა ადამიანების ხარკზე და ყოველგვარ გადასახდზე; ვალდებულებას კისრულობდა არ შეევიწროებინა ქრისტიანული ეკლესია. ეს დათმობები, უპირველეს ყოვლისა, სოლომონ მეფის გმირული ბრძოლის შედეგად იყო მიღწეული. ამდენად, ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შემდეგ იმერეთის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და სოლომონის ხელისუფლება უფრო განმტკიცდა. ადგილობრივი მთავრებიც ვეღარ ბედავდნენ ურჩობას.

1776 წლის 5 ოქტომბერს იმერეთის მეფეს თურქეთის ელჩობა ეახლა და სულთნის ფირმანი გადასცა ძვირფასი საჩუქრებითურთ. ამით დასტურდებოდა, რომ რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად თურქები დასუსტდნენ და ქართლ-კახეთთან და იმერეთთან ბრძოლის უნარი დაკარგეს.

საშინაო საქმეები, შეთქმულება მეფის წინააღმდეგ

სოლომონ I განაგრძობდა საშინაო საქმეების მოწესრიგებას. მან ერთი პირის ხელში გააერთიანა ქუთაისის მოურავისა და სარდალბოქაულთუხუცესის სახელო. სოლომონის ცენტრალიზებულმა პოლიტიკამ ფეოდალთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. 1778 მათ მოაწყვეს შეთქმულება, რომლის მიზანი იყო სოლომონ I-ის გადაყენება და მისი მემკვიდრის — ალექსანდრეს გამეფება. მეფემ შეთქმულები დაამარცხა და მკაცრად დასაჯა.

ოსმალეთის აგრესიის კვლავ გააქტიურება, რუხის ბრძოლა

1779 წელს, სოლომონ I-გან მოკავშირის ჩამოშორების მიზნით, ოსმალეთის მთავრობის დავალებით, ოდიშში აფხაზებისა და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიელი მოლაშქრეებისაგან (ჯიქები, ალანები, ჩერქეზები, ბალყარელები და ყირიმელი თათრები) შემდგარი დიდძალი ჯარი შეიჭრა. კაცია II დადიანმა დახმარებისათვის იმერეთის მეფეს მიმართა. სოლომონ I იმერეთ-გურიის ლაშქრით დადიანს მიეშველა, სწრაფად გადავიდა ოდიშში და დადიანთან ერთად რუხის ციხესთან ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვებულებმა ხელთ იგდეს მრავალი ტყვე და დიდძალი ალაფი, მ. შ. მტრის არტილერია. რუხის ბრძოლამ დიდი ხნით შეაჩერა თურქთა ექსპანსია საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან.თუმცა, ამის შემდეგ, ოსმალებმა ქვემო გურიის და და აჭარის სიმაგრეებიდან დაიწყეს ორგანიზებული თავდასხმები იმერეთზე.1781 წელს სოლომონმა აჭარაზე გალაშქრება სცადა, მაგარამ ამ ლაშქრობას წარმატება არ მოჰყოლია.

1783 წელს სოლომონმა მოინდომა აღმოსავლეთ საქართველოსა და რუსეთს შორის გაფრმებული ტრაქტატის მსგავსი ხელშეკრულება გაეფორმებინა რუსეთთან. ამ ამბავმა ოსმალეთი იმდენად შეაშფოთა, რომ იმავე წლის 1 ნოემბერს საგანგებო ელჩობა გაუგზავნეს სოლომონს, რათა უარი ეთქვა რუსეთთან ურთიერთობაზე. ელჩი სოლომონს უარით გაუსტუმრებია.

ტახტის მემკვიდრის ძიება

სოლომონ I-ს პირდაპირი მემკვიდრე არ ჰყავდა. მისი ძე, ალექსანდრე 1780 წელს გარდაიცვალა. სოლომონს კარგად ესმოდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ იმერეთში ტახტისათვის ბრძოლა გაჩაღდებოდა. 1783 წელს მან თავისი მოძღვარი მიუგზავნა ერეკლე II-ს და აცნობა, რომ ტახტის მემკვიდრედ დანიშნავდა თავის ძმისწულსა და ერეკლე II-ის შვილიშვილს, ქართლ-კახეთის მეფის კარზე აღზრდილ დავით არჩილის ძეს (მომავალი სოლომონ II), იმ პირობით, რომ ერეკლე II სოლომონის ურჩთა შეფარებაზე უარს იტყოდა.

უკანასკნელი ბრძოლა ოსმალებთან და გარდაცვალება

ოსმალთა აგრესიის აღსაკვეთად სოლომონ I-მა რამდენიმეჯერ ილაშქრა ქვემო გურიაში. 1784 მარტში მან დიდი ბრძოლა გადაიხადა ქვემო გურიის გასათავისუფლებლად.ნაჭიშკრევთან გამართულ ცხარე ბრძოლაში იმერეთ-გურიის ლაშქარმა ქობულეთისა და ჩაქვის მხარე სულ გაწმინდა მტრისაგან, მაგრამ მეფის მტრებისაგან წინდაწინ გაფრთხილებულმა ოსმალო მეციხოვნეებმა ზურგიდან მოუარეს სოლომონს და დიდი დარტყმა მიაყენეს. ქვემო გურია ისევ მტრის ხელში დარჩა კიდევ ერთი საუკუნის განმავლობაში.

ეს მარცხი ჯანმრთელობაშერყეულმა მეფემ ვეღარ გადაიტანა. 1784 წელს ძვ. სტ. 23 აპრილს (გიორგობა დღეს), 49 წლის ასაკში იგი გარდაიცვალა. სოლომონ I დაკრძალესგელათის ღვთისმშობლის ტაძარში.


წყაროები

· ერთგულების პირობის წიგნი მამია გურიელისა სოლომონ I-ისადმი, ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოცემა, II, გვ. 422-423.

· შეწირულების წიგნი სოლომონ I-ისა ქუთაისის ღმრთისმშობლისადმი, ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოცემა, II, გვ. გვ. 428-433.

· მეგობრობის დადგენილება ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს შორის, ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოცემა, II, თბილისი, 1965, გვ. 433-436


ლიტერატურა

ქართული

· საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძისა და რ. მეტრეველის რედაქცია,

· ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის შ. ბურჯანაძე, იმერეთის სამეფო

· პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი

· ნ. დადიანი, ქართველთ ცხოვრებ.

· ჯაბა სამუშია, ხრესილის ბრძოლა



No comments:

Post a Comment